კახა ბექაური - „კავკასუს ონლაინმა“ იცოდა, რომ კანონს არღვევდა, გარდა ამისა, 10 თვეა, კომისიის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებსაც არ ასრულებს
კახა ბექაური - „კავკასუს ონლაინმა“ იცოდა, რომ კანონს არღვევდა, გარდა ამისა, 10 თვეა, კომისიის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებსაც არ ასრულებს

მოვისმინე „კავკასუს ონლაინის” ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მფლობელის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფო და კომუნიკაციების კომისია მტრულად არის განწყობილი კომპანიის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად არასწორია ეს შეფასება, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, კომუნიკაციების კომისიას რეგულარული პროცედურა აქვს და ავტორიზებულ პირებს სთხოვს რეესტრის განახლებას მათი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

„მათ უნდა გაგვიხსნან ბოლომდე მფლობელები. დაახლოებით 10 თვის წინ, ასეთი სტანდარტული პროცედურის შემდეგ გაირკვა, რომ „კავკასუს ონლაინს“ შეცვლილი ჰყავს 49%-ის ბენეფიციარი, ანუ გაასხვისა წილი. ამ დროს ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებმა, წილის გასხვისების შემთხვევაში წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს კომუნიკაციების კომისიისგან. ამავდროულად, „კავკასუს ონლაინს“ დამატებით ჰქონდა სპეციფიკური ვალდებულება კომისიისგან. რამდენიმე წლის წინ საკუთარი საცალო აქტივები მიჰყიდა „მაგთიკომს“. ამ შეთანხმების პროცესში, რომელზეც ჩვენ თანხმობა გავეცით, „კავკასუს ონლაინს“ რაც დარჩა მას საბითუმო ნაწილი, რომელიც მდგომარეობს საქართველოს არსებულ მაგისტრალურ-ოპტიკურ ინფრასტრუქტურაზე და ამავდროულად შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც მათი აქტივია, ჩვენ დავაკისრეთ დამატებით ვალდებულებად, რომ შემდგომში წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებლად მოემართათ კომისიისთვის. ამ მომართვის აზრი არის ის, რომ კომისიამ ჩაატაროს კვლევა, რომ წილის გასხვისებით ხომ არ იცვლება ბაზარზე კონცენტრაციის საკითხები, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ბაზარს. აქედან გამომდინარე, ეს ვალდებულება მან არ შეასრულა და არამარტო არ შეასრულა, ჩვენს რეგულარულ მოთხოვნას, აგერ უკვე მეათე თვეა არ ასრულებს. ნებისმიერი სერიოზული კომპანია, როდესაც ინვესტიციას აკეთებს და მსხვილი კომპანიის წილს ყიდულობს თავიდან ბოლომდე ამოწმებს ამ კომპანიას, როგორც ფინანსურად, ასევე სამართლებრივად. შესაბამისად ამოწმებს იმ ქვეყანაში რომ შედის, რა კანონმდებლობაა, რამე ხომ არ არის შესათანხმებელი, რამე სამართლებრივი ვალდებულებები ხომ არ აქვს ამ კომპანიას, რომელსაც ყიდულობ და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომპანიამ, რომელმაც ეს 49% იყიდა ასეთი შემოწმება ჩაატარა. თუმცა, რატომ ვერ დაინახა ის, რომ წილის ნასყიდობა უნდა შეეთანხმებინა წინასწარ კომისიასთან, ეს არ ვიცი და ეს კითხვაა, რომელზეც ალბათ მათ პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი განმარტებით, ასეთი ნასყიდობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიძლება, მოხვდეს ისეთი ინვესტორის ხელში, რომელიც არ არის გამოკვლეული. ბექაურის თქმით, ქვეყანაში შესული ინვესტორის ე.წ. სკრინინგი დღეს ევროპაში დანერგილი პრაქტიკაა.