კახა ბექაური - გვაღელვებს, რომ მედიაში იზრდება სიძულვილის ენის ტირაჟირების, ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხარისხი და რაოდენობა
კახა ბექაური - გვაღელვებს, რომ მედიაში იზრდება სიძულვილის ენის ტირაჟირების, ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხარისხი და რაოდენობა

გვაღელვებს, რომ მედიაში იზრდება სიძულვილის ენის ტირაჟირების, ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხარისხი, რაოდენობა, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა მედიის დამატებითი რეგულირების შემოღების საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია, რომ ამ დარგში არსებულ პრობლემებს იდენტიფიცირება გაუკეთოს.

„კომუნიკაციების კომისია, როგორც დარგის ზედამხედველი ორგანიზაცია და სახელმწიფო ორგანო, ვალდებულია, რომ ამ დარგში არსებულ პრობლემებს გაუკეთოს იდენტიფიცირება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაღელვებს საკითხი, რომ მედიაში იზრდება სიძულვილის ენის ხარისხი, მედიაში იზრდება ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებისა და დეზინფორმაციის რაოდენობა და ხარისხი. ჩვენ მიმართ პრეტენზია ამაზე უნდა იყოს პირიქით, თუ ამ პრობლემებზე არ ვილაპარაკებთ ან არ შევიმჩნევთ და ვაღიარებთ პრობლემის არსებობას. მაგრამ ჩვენს ოპონენტებს უნდათ, რომ ასეთ მძიმე პრობლემებზე კომუნიკაციების კომისიამ თვალი დახუჭოს და ჩუმად იყოს. როგორ შეიძლება, არ ვისაუბროთ ამ პრობლემებზე. ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენი ბოლო ორი კვლევით, თვისებრივი წინასაარჩევნო მონიტორინგით გამოიკვეთა და ანგარიშებით დავდეთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კახა ბექაურის თქმით, კომისიის ანგარიშებმა ნათლად აჩვენა, რომ მედიაში სიძულვილისა და დეზინფორმაციის რაოდენობა, ხარისხი იზრდება და ამ მიმართულებით აუცილებელია საუბარი. როგორც ბექაური ამბობს, კომუნიკაციების კომისია, როგორც მედიის ზედამხედველი ორგანო, ვალდებულია, მოახდინოს პრობლემების იდენტიფიცირება.

კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, სიძულვილის ენის რეგულირება ევროდირექტივის შესაბამისად აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან ევროპის ქვეყნებში რეგულირებულია.

რაც შეეხება დეზინფორმაციას და სხვა შინაარსობრივ საკითხებს, კახა ბექაურის განცხადებით, ამ მიმართულებით ჯერჯერობით არანაირი მექანიზმი, რეგულაცია არ არსებობს და ბრალდებები მედიის ცენზურასთან დაკავშირებით არასწორია.

„ევროდირექტივის შესაბამისად, სიძულვილის ენა რეგულირებული უნდა იყოს, და ყველა ევროპულ ქვეყანაში დღეს რეგულირებულია. რაც შეეხება სხვა შინაარსობრივ რეგულირების საკითხებს, ამაზე ჯერჯერობით არანაირი მექანიზმები, მით უმეტეს არანაირი პროექტი არ არსებობს. ამიტომ, რასაც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი ამბობს, რომ იგეგმება ცენზურა და მექანიზმების შემოღება, არასწორია.“ – განაცხადა კახა ბექაურმა.