კახა ბექაური - ბოლო სამი წლის განმავლობაში მედიის მიმართ სანქციების მინიმალური რაოდენობის გამოყენება ნათლად ადასტურებს, რომ კომისია მედიას კი არ სჯის, პირიქით
კახა ბექაური - ბოლო სამი წლის განმავლობაში მედიის მიმართ სანქციების მინიმალური რაოდენობის გამოყენება ნათლად ადასტურებს, რომ კომისია მედიას კი არ სჯის, პირიქით

არასწორი შეფასებაა, რომ კომუნიკაციების კომისია სჯის მედიას. კომუნიკაციების კომისიის არც ერთი გადაწყვეტილება და მედიის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, რამაც სანქცირება გამოიწვია, არც რაოდენობრივად და არც ხარისხობრივად არ მეტყველებს იმაზე, რომ კომუნიკაციების კომისია სჯის მედიას, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა მედიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების შეჯამებისას გააკეთა.

მისივე თქმით, არასწორია ბრალდება, თითქოს შერჩევითი სამართალი აქვს კომისიას ოპოზიციური მედიის მიმართ.

„ჩვენ მოვიყვანეთ რაოდენობრივი მაჩვენებლები, კერძოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2019, 2020 და 2021 წლებში ყველაზე ბევრჯერ, 12-ჯერ ტელეკომპანია „იმედი“ დაჯარიმდა, აქედან ფინანსურად – 3-ჯერ. შემდეგ მოდის „მთავარი არხი“, რომელიც სამი წლის განმავლობაში კომისიამ სამართალდამრღვევად ჯამში 10-ჯერ ცნო, აქედან ფინანსური ჯარიმა 4-ჯერ დაეკისრა. „რუსთავი 2“ 7-ჯერ დაჯარიმდა, აქედან 2-ჯერ ფინანსური ჯარიმით, „ტვ პირველი“ 3-ჯერ არიან სანქცირებული, თუმცა ფინანსური ჯარიმა მას არ აქვთ მიღებული. ტელეკომპანია „ფორმულა“ სამი წლის განმავლობაში სულ 2-ჯერ არის სამართალდამრღვევად ცნობილი და დაკისრებული აქვს ფინანსური ჯარიმა ერთხელ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კახა ბექაურმა ტელევიზიების სანქცირებაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს სამართალდარღვევისთვის გამოყენებული ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბექაურის განცხადებით, არასწორია ბრალდება, თითქოს კომუნიკაციების კომისიას შერჩევითი სამართალი აქვს ოპოზიციური მედიის მიმართ და მათ სანქცირებას კომისია უფრო ხშირად ახდენს. აღნიშნულზე კი, კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მედიის მიმართ გამოყენებული სანქციების მაჩვენებლები მეტყველებს.

დატოვე კომენტარი