კახა ბექაური - არავის მივცემთ უფლებას, არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ
კახა ბექაური - არავის მივცემთ უფლებას, არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ

არავის მივცემთ უფლებას, არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საკომუნიკაციო კომპანიების ნაწილის მხრიდან ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით.

“ბაზარზე არსებული წინასწარი მდგომარეობით არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ფასები გაიზარდოს. ჩვენ ყველანაირი ბერკეტი გვაქვს, თუ ასეთ არაკანონზომიერ ქმედებას ექნება ადგილი, ეს ქმედება აღვკვეთოთ. მაქვს იმედი, რომ კომპანიები არ გააკეთებენ ამას და ვიდრე კომისიასთან არ გაივლიან ამ საკითხებს, არ გააძვირებენ ტარიფებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე არსებული მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებელზე ბოროტად გამოიყენონ და 2-3 თვის განმავლობაში მაინც დავაბრუნებთ მათ კანონზომიერების ჩარჩოებში და გვაქვს ამის ბერკეტები”, – აღნიშნა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ცვლილება კომისიის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდეს.

„ბაზარზე გარკვეულწილად აქამდე განუკითხაობები იყო, ტარიფი ტარიფი არ იყო, ხარისხი ხარისხი არ იყო, რასაც აწვდიდნენ მომხმარებლებს. ეს ყველაფერი მოწესრიგების პროცესშია და დასრულების ეტაპზეა. როგორც ჩანს, გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ, იქიდან გამომდინარე, რასაც აქამდე ახორციელებდნენ და გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებენ ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ბექაურმა.

„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება.„მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.

კავშირგაბმულობის კომპანიებში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ მომსახურებას და ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს სთავაზობენ.