კახა ბექაური - 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა დაიწყო
კახა ბექაური - 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა დაიწყო

საქართველოს პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც გასულ წელს განხორციელებული პროექტები და საქმიანობა მიმოიხილა.

მისი თქმით, 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და მომხმარებლისთვის საკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ ბაზრის სრულფასოვანი კვლევა დაიწყო.

მისივე განცხადებით, კომისიის გუნდმა კვლევაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისთან (AA Facility) ერთად იმუშავა.

„კვლევის ფარგლებში შეფასდება ტელეკომ სექტორში არსებული კონკურენცია, გამოვლინდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ კომპანიებს სპეციფიკური ვალდებულებები განესაზღვრებათ“, – განაცხადა მან.

კახა ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ შეფასდება მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. ხოლო კვლევის შედეგად დადგინდება, საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორებიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტმომსახურების ბაზრის ე.წ. Bitstream სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტტრანზიტის ბაზრები, ასევე მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი.

სიტყვით გამოსვლაში კახა ბექაურმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ გასულ წელს კომუნიკაციების კომისიამ ასევე შეაფასა ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) დაშვების თვალსაზრისით არსებული გარემოც. მან აღნიშნა ისიც, რომ 2022 წელს საქართველოში საქმიანობა დაიწყო პირველმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა, „ჰალლომ“, თუმცა დაშვების მსურველ სხვა კომპანიებსა და ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა.

„კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა ექვსი თვით გაახანგრძლივა, რათა მხარეებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდათ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.