კახა ბექაური - 2012-დან 2017 წლამდე სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები დაახლოებით 26 მილიონი ლარით გაიზარდა
კახა ბექაური - 2012-დან 2017 წლამდე სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები დაახლოებით 26 მილიონი ლარით გაიზარდა

ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ 2012-დან 2017 წლამდე სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები დაახლოებით 26 მილიონი ლარით გაიზარდა, – ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფროსმა კახა ბექაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ  გამოაქვეყნა ანალიზი, რის შედეგადაც გამოჩნდა, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები ყოველწლიურად მზარდია და 2012 წლიდან 2017 წლამდე დაახლოებით 26 მილიონი ლარით გაიზარდა”, – განაცხადა ბექაურმა.

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, 2017 წელს ორმა მსხვილმა მედიაჰოლდინგმა „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ და მასში გაერთიანებულმა ექვსმა არხმა რადიკალურად შეცვალა სარეკლამო დროის გაყიდვის მოდელი, რამაც საერთოდ ამოაყირავა ბაზარზე მანამდე არსებული შემოსავლების განაწილების სტრუქტურა და შემოსავლები ბაზრის მოთამაშეებს შორის არაბუნებრივად გადაანაწილა.

„ამის შედეგად მივიღეთ ის, რაც ანალიზის შედეგად დასტურდება და ყველას აქვს ამის გაცნობის საშუალება. დაახლოებით 7% საშუამავლო განაკვეთის გარდა, რომელიც რეკლამის დამკვეთების თანხასა და ტელევიზიაში მისულ თანხამდე ყოველწლიურად რჩებოდა სარეკლამო სააგენტოებში, დამატებითი 15 მილიონი ტელევიზიებს მიღმა დარჩა. 

ამ გარემოების გამო, 2017 წელს დეკლარირებულ მონაცემებში ჩანს, რომ სარეკლამო შემოსავლებმა 2016 წელთან შედარებით დაიკლო. მაგრამ ეს ასე არ იყო, თუ გავითვალისწინებთ ზემოაღნიშნულ ფაქტს, რომ 15 მილიონი ტელევიზიებს მიღმა დარჩა მათი შემოსავლების, მაშინ 2017 წელს კლება კი არ არის, გაზრდილია 2016 წელთან შედარებით დაახლოებით 3 მილიონი ლარით. ერთი მხრივ, ჩვენ რეკლამის დამკვეთებისგან გამოვითხოვეთ მათ სარეკლამო დანახარჯები და მეორე მხრივ, ტელევიზიებიდან გამოვითხოვეთ მათი შემოსავლები კომპანიების ჭრილში. შედარებითი ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სარეკლამო ბაზარი კი არ არის დაკლებული, არამედ სხვა წლებისგან განსხვავებით, დარჩენილია ტელევიზიებს მიღმა დაახლოებით 15 მილიონი ლარის ოდენობით, ანუ სარეკლამო ბაზარი კი არ შემცირდა, შემცირდა თანხა, რომელიც ამ ექვს ტელეკომპანიამდე მივიდა.

მეორე მხრივ, ჩვენ გავაანალიზეთ ის ფაქტიც, რომ მზარდია სარეკლამო ბაზარი და არ შემცირებულა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაყიდული რეკლამის ერთეულის ფასი, ასევე გაყიდული რეკლამის რაოდენობა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ გაყიდული რეკლამის ერთეულის ფასი გაზრდილია, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, 21%-ით. ბუნებრივია, როდესაც ფასი იზრდება, მინდა გითხრათ, რომ ეს არაბუნებრივი ზრდაა, რადგან წინა წლებთან შედარებით ინფლაციური ზრდა იყო 10-15%, ახლა არის 21%, რამაც გამოიწვია რეკლამის რაოდენობის გაყიდვის შემცირება 25%-ით”, – განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, 38%-ით არის გაზრდილი ე.წ. “პროდაქთ ფლეისმენთის” მომსახურების შემოსავლები.

“ასევე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ 2017 წელს გაიზარდა ბაზარი 2016 წელთან შედარებით, არის ის, რომ ყველა იმ არხის სარეკლამო ჯამური შემოსავალი, რომელმაც თავისი დრო ექსკლუზიურად არ გადასცა “ინტერმედიას” გაზრდილია 23%-ით, ანუ ამ ექვი არხის გარდა, კერძო მაუწყებლების ჯამური შემოსავალი 23%-ით არის გაზრდილი”, – განაცხადა ბექაურმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.