კახა ბექაური – 10 წლის წინ სახლის ინტერნეტს ოჯახების 42% იყენებდა, დღეს კი 97% მოიხმარს

23:28, 21.01.2026

10 წლის წინ სახლის ინტერნეტს ოჯახების 42% იყენებდა, დღეს კი 97% მოიხმარს, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა.

როგორც ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კომუნიკაციების კომისიის ბოლო 10 წლის საქმიანობის შეჯამებისას აღნიშნა, სტატისტიკა ნათლად აჩვენებს მასშტაბურ პროგრესს როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ინტერნეტის მიმართულებით.

წამყვანის კითხვაზე, სად იყო საქართველო ტელეკომ სექტორის განვითარების კუთხით ათი წლის წინ და სად არის დღეს, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის მონაცემები მკაფიოდ ასახავს სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ComCom-ის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზეც და ხაზი გაუსვა, რომ მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 10 წლის წინ 1.8 მილიონი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 4.6 მილიონია. კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ დღეს საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, რაც, მისი შეფასებით, ტელეკომ სექტორის პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია.

„ტელეკომ სექტორში ბოლო ათ წელიწადში 66,5%-ით გაზრდილი შემოსავლები. ბოლო მონაცემებით, ტელეკომ ოპერატორების შემოსავალი 1.787 მილიარდი ლარი იყო. ხოლო რაც შეეხება მაუწყებლების შემოსავლებს, აქაც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს, მათი შემოსავლები ბოლო ათ წელიწადში 45%-ით გაიზარდა და 150.8 მილიონი ლარი შეადგინა“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, კახა ბექაურმა ტექნოლოგიურ პროგრესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, კომუნიკაციების კომისიისა და კომპანიების ერთობლივი ძალისხმევით, ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ორჯერ დაინერგა ახალი თაობის ინტერნეტტექნოლოგიები – 4G და 5G. ამასთან, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ, ComCom-ის მიდგომის საფუძველზე, ამავე პერიოდში საქართველოში Starlink-ის მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული ინტერნეტიც შემოვიდა. კომკომის თავმჯდომარემ ასევე სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტსა და ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კომისიის მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ComCom-მა მომხმარებლებისთვის არაერთი ინსტრუმენტი შექმნა, რათა გაუმარტივდეთ ინტერნეტის მოხმარება. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი პლატფორმა sheamotsme.ge-ია, რომელიც მომხმარებელს 24-საათიან რეჟიმში, უკვე წლებია, აძლევს შესაძლებლობას შეამოწმოს ინტერნეტის ხარისხი და პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინონ რეაგირება.

ამასთან, კახა ბექაურმა ახალ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება:

„კომისიამ შექმნა ახალი პლატფორმა wifi.comcom.ge, რომელიც მომხმარებელს ეხმარება შეამოწმოს Wi-Fi-ის სიჩქარე და თავად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება“, – განაცხადა ბექაურმა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 

მსგავსი