კახა აბულაძე – ვირუსის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულმა არ მიიღოს რძის პროდუქტი, ეს რეკომენდაცია სამი-ოთხი დღით მოგვეცა, ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს

01:17, 24.09.2026

თბილისის მერის მოადგილის, კახა აბულაძის განმარტებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მოხდეს რძის პროდუქტისა და სხვა ცხიმიანი საკვების მიღება.

ამის შესახებ აბულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, სადაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ შევიდა ცვლილებები საბავშვო ბაღების მენიუში.

„ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, მათ შორის, სანიტარული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმს, რომელიც ადაპტირებულია ბაღებში ვირუსული პერიოდისას. რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს, იქ მხოლოდ რძის პროდუქტზე არ არის საუბარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ეს თავის განცხადებაშიც და ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენით – დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულის მხრიდან არ მოხდეს რძის პროდუქტის მიღება, ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღება, ასევე, შემწვარი და სხვა ტიპის პროდუქტების მიღება. ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს რეკომენდაცია 3-4 დღით მოგვეცა. ეს პერიოდი უკვე გადის და ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს, თავისი კალორაჟით“, – განაცხადა კახა აბულაძემ.

მსგავსი