კახა აბულაძე – თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები დედაქალაქში ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი

01:19, 24.09.2026

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია, ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, კახა აბულაძემ რამდენიმე ბაგა-ბაღში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე საუბრისას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ სფეროში გატარებული რეფორმების ფონზე ძლიერდება ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლაც.

„დედაქალაქის მერია დღეს 191 ბაგა-ბაღით ემსახურება 60 000-ზე მეტ აღსაზრდელს და 13 000-მდე თანამშრომელი ყოველდღიურად არის ჩართული სააღმზრდელო პროცესში, მათ შორის, მათ შვილებს ემსახურებიან, ვისგანაც ამ ხალხმა უდიდესი შეურაცხყოფა და უდიდესი ბულინგი მიიღო. ეს არის ყველაზე ერთგული არმია, რომელიც ემსახურება მომავალ თაობას. ერთ აღსაზრდელსაც რომ შეექმნას პრობლემა, იმავენაირად იმუშავებს მთელი სისტემა. აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც მშობლის მიერ საბავშვო ბაღში კონტრიბუცია არ ხდება არცერთ კომპონენტში. არცერთ ქვეყანაში არ არის საჯარო ბაღი აბსოლუტურად უფასო.

ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია თბილისის საჯარო ბაღებში. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს არ ხდება მხოლოდ ამ სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. რამდენადაც ძლიერი რეფორმები გატარდა, იმდენად ძლიერია ბრძოლა ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა აბულაძემ.

როგორც აბულაძემ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, ამ ფაქტებს სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

„მტკიცებით ფორმაში საუბარი, რომ პრობლემებია საბავშვო ბაღში, ამ ეტაპზე მართებული არ არის, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ფაქტია, ეს პრობლემა არის საბავშვო ბაღში შესული გარედან და კონკრეტულად, რა არის წყარო, ამას დადგენა სჭირდება. ამ სენსიტიურ ფონზე, როდესაც კრიზისული დღეები გვქონდა ქალაქში, გამოდიან კონკრეტული პირები და ბავშვების საკვებით ინტოქსიკაციას აბრალებენ ბაგა-ბაღის მზარეულს, აღმზრდელს, ტექნიკურ პერსონალს და მათ შორის დირექტორს. ეს არის არასწორი, მით უფრო, რომ მტკიცებულებებზე არ არის დაფუძნებული. შესაბამისად, ჩვენ ყველა ჩვენს თანამშრომელს დავიცავთ. გარდა ამისა, გამოვიდნენ და კონკრეტულ საკვებ პროდუქტზე – ქათმის ხორცზე თქვეს, რომ ამან მოწამლა ბავშვები და ეს პროდუქტი იმ დღეს არცერთ ბაღში საერთოდ არ ყოფილა გაშვებული მენიუში. ასეთ საკითხებზე მტკიცებით ფორმაში საუბარი აუცილებლად დააყენებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. მათ მოუწევთ სამართლებრივად პასუხის გაცემა გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფის შემცველი განცხადებების გაკეთებაზე“, – აღნიშნა კახა აბულაძემ.

ამასთან, თბილისის მერის მოადგილემ ბაგა-ბაღების თანამშრომლებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა ბაღის პერსონალს, ამ დღეებში ჩვეული სიმშვიდითა და ღირსებით შეხვდნენ ამ საკითხს და არსად საპასუხო კომენტარი არავის გაუკეთებია, მაგრამ მოდის დრო, რომ ყველაფერს პასუხი გაეცეს. მეორე საკითხი უკავშირდება მორალურ პასუხისმგებლობას, რომელსაც საზოგადოება შეაფასებს, რადგან ამ ხალხმა, საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზნით დაიწყო დეზინფორმაციული კამპანიები, თუმცა ესეც არ გამოუვიდათ – არცერთ ბაღში აღსაზრდელების გამოცხადების დინამიკა არ დავარდნილა. ყველა საბავშვო ბაღი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და ის ბაღებიც გაიხსნება უახლოეს დღეებში“, – განაცხადა აბულაძემ.

მსგავსი