„ბრუკლინ ნეტსის“ გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა ოფიციალურად მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გუნდში გაცვლის მოთხოვნით, – იტყობინება ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი.
წყაროს ცნობით, ირვინგს სურს კლუბის გამოცვლა 9 თებერვლამდე ანუ ტრეიდების დედლაინამდე. კალათბურთელის თქმით, თუ სხვა გუნდში გაცვლა არ შედგება, ის „ბრუკლინს“ ზაფხულში დატოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსით და „ნეტსი“ მის ნაცვლად კომპენსაციას ვერ მიიღებს.
მიმდინარე სეზონის დროს 30 წლის კალათბურთელი სკანდალში გაეხვა, რომელიც ანტისემიტურ ფილმს უკავშირდებოდა. შედეგად, „ბრუკლინმა“ კაირი მატჩებს ჩამოაშორა ხელფასის შენარჩუნების გარეშე. კალათბურთელმა რვა მატჩი გამოტოვა.