კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ სამი წლის წინ ესტონელი პოლიტიკოსის, ვარო ვოგლაიუს შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა
ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამი წლის წინ პოლიტიკოსის, ვარო ვოგლაიუს შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
კაია კალასმა საჯარო განცხადება ესტონეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა, რომელმაც დაავალა ეთქვა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა ვოგლაიუსა და SAPTK-ის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე სამართალდამცავებზე თავდასხმის შესახებ.
„მე, კაია კალასმა, 2022 წლის 17 თებერვალს გამოვაქვეყნე ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს ვარო ვოგლაიუს და „ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე ესტონეთის პოლიციას თავს დაესხნენ და, თითქოს ვარო ვოგლაიუმ და EKRE-მ 2021 წლის 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დემონსტრაცია მოაწყვეს. ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება“, – დაწერა კალასმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ვარო ვოგლაიუსის შესახებ კაია კალასი წერდა: „ჩვენ გვახსოვს მათ მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია ტუმპეაზე, სადაც ესტონეთის პოლიციას თავს დაესხნენ. გვახსოვს ვარო ვოგლაიუს და EKRE-ს მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, სადაც ესტონელ ექიმებს, მეცნიერებსა და სამედიცინო მუშაკებს თავს დაესხნენ. სამწუხაროდ, ესტონეთის სახელმწიფოს მტრად წარმოჩენა ვაროსა და მისი მტკიცე მხარდამჭერი EKRE-ს პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი გახდა“.