კაია კალასი - ყველა, ვინც დღეს ჰააგაშია, არის ერთ აზრზე - რუსეთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, აუცილებელია ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა, ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ პროცესს
დღეს ჩვენ ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ფინანსურ პასუხისმგებლობას უკრაინაში მიყენებული ზიანისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ჰააგაში განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.
კალასის თქმით, ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული სამუშაო უკრაინის საჩივრებისთვის კომისიის შესაქმნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რეალური ცვლილების მოტანა შეუძლია.
„ყველა, ვინც დღეს აქ არის, ერთ აზრზეა – რუსეთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში დანგრეული სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის. უკრაინელებმა უკვე წარადგინეს 86 000-ზე მეტი მოთხოვნა კომპენსაციაზე. თითოეული მათგანი არის შეწყვეტილი სიცოცხლე და შეჩერებული მომავალი. ომის ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში განადგურებულია ან დაზიანებულია 200 000-ზე მეტი შენობა, ხოლო დაახლოებით 2.5 მილიონი საცხოვრებელი სახლი და ბინა საცხოვრებლად უვარგისია. ეს მხოლოდ ერთ კატეგორიას წარმოადგენს რეესტრში. ახლა კომისიას დაეკისრება ამ ზარალის რეალური შეფასება — არა აბსტრაქტული ციფრებით, არამედ კონკრეტული ადამიანების რეალური დანაკარგების მიხედვით. ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია – მაგალითად, ქუვეითში ერაყის შეჭრის შემდეგ ან ბოსნიის ქონებრივი საჩივრების კომისიის შემთხვევაში. თუმცა ყველა მაგალითი გვასწავლის ერთსა და იმავე რთულ გაკვეთილს: სამართალი ხანგრძლივი პროცესია. განხორციელება რთული იქნება, რადგან რუსეთი ნებაყოფლობით არასდროს გადაიხდის მიყენებულ ზიანს. სწორედ ამიტომაც არის აუცილებელი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ პროცესს. დღეს სიამაყით ვაცხადებ ევროკავშირის მიერ ერთი მილიონი ევროს გამოყოფას მოთხოვნათა კომისიის დასაფუძნებლად, მათ შორის დღევანდელი კონფერენციის მონაწილეების მხრიდან, რათა ზეწოლა შენარჩუნდეს. თქვენ შეგიძლიათ, დაეყრდნოთ ევროკავშირის მხარდაჭერას. ვიდრე რუსეთი ომს არ დაასრულებს, კომპენსაციის მოთხოვნების რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა კაია კალასმა.
კალასის განმარტებით, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რუსეთი მიზანმიმართულად უტევს სამოქალაქო ობიექტებს, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.
„მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას მილიონზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო, მაშინ, როცა უკრაინაში ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემოდა. ეს შემთხვევითი არ არის – ეს განზრახ ხდება. რუსეთის სტრატეგია მიზნად ისახავს ქალაქების გაყინვას, სახლების განადგურებას და ხალხის ნების გატეხვას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არც მომავალში მოხერხდეს. ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთზე და ვაძლიერებთ უკრაინის თავდაცვას. გუშინ ევროკავშირმა ახალი სანქციები დააწესა რუსული ნავთობით მოვაჭრეებისა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები ამცირებს კრემლის ომის დაფინანსების შესაძლებლობას. პარალელურად, ჩვენ ვქმნით სამართლებრივ ჩარჩოს რუსეთის პასუხისმგებლობის დასადგენად – მათ შორის აგრესიის დანაშაულისთვის. ეს ყველაფერი მკაფიო გზავნილია პოტენციური აგრესორებისთვის: ომს თუ დაიწყებთ, პასუხისმგებლობა გარდაუვალია“, – აღნიშნა კაია კალასმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმაც, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.