კაია კალასი – უკრაინისთვის მომავალი ზამთარი, შეიძლება, კვლავ რთული აღმოჩნდეს, რუსეთი, სავარაუდოდ, მათ ენერგოსისტემას დაარტყამს, ჩვენ ვემზადებით, უკრაინას სჭირდება გენერატორები

10:31, 14.07.2026

უკრაინისთვის მომავალი ზამთარი კვლავ რთული შეიძლება აღმოჩნდეს, სავარაუდოდ, რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმებს განახორციელებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასის განმარტებით, ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინის დასახმარებლად. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად, განიხილეს ვითარება ბრძოლის ველზე და უკრაინის ენერგოსისტემის მდგრადობის განმტკიცების საკითხი.

„ჩვენ ვემზადებით. უკრაინას სჭირდება გენერატორები, სათადარიგო ნაწილები და დაფინანსება აღდგენითი სამუშაოებისთვის. პრიორიტეტად რჩება ასევე საჰაერო თავდაცვა. მოვუწოდე იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც მარაგები აქვთ, გადასცენ გენერატორები უკრაინას“, – აღნიშნა  კალასმა.

ამასთან, როგორც კაია კალასმა აღნიშნა, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიენიჭებინა, „დადებითი ნაბიჯია, თუმცა დროს მოითხოვს“.

მსგავსი