კაია კალასი - უკრაინის საკითხზე ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპას ცენტრალური როლი უნდა ჰქონდეს, უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა
კაია კალასი - უკრაინის საკითხზე ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპას ცენტრალური როლი უნდა ჰქონდეს, უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპას ცენტრალური როლი უნდა ჰქონდეს.

ამის შესახებ კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში პარიზში „ვაიმარ+“-ის ფორმატის შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა. ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინის გაძლიერება და ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპას უნდა ჰქონდეს ცენტრალური როლი“, – წერს კაია კალასი და გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას აზიარებს.

განცხადების ავტორები მზადყოფნას გამოთქვამენ, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას ადასტურებენ.

„ჩვენ ვიზიარებთ მიზანს, შევინარჩუნოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობის მიღწევამდე, მშვიდობის, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის და ჩვენს საკუთარ ინტერესებს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, განვიხილოთ მომდევნო გზა ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს, რომ დავაყენოთ უკრაინა სიძლიერის პოზიციაზე. უკრაინა და ევროპა უნდა იყვნენ ნებისმიერი მოლაპარაკებების ნაწილი. უკრაინა უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში არის აუცილებელი პირობა ძლიერი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროპული კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ერთად ჩვენი კოლექტიური თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, – ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

პარიზში გამართული „ვაიმარ+“-ის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და თავდაცვის ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.