კაია კალასი – შეგვიძლია, უფრო გავამკაცროთ შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლი, უნდა გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 2022 წლიდან, რუსეთის მხრიდან ევროპაზე ჰიბრიდული თავდასხმები თანდათან იზრდება.
კალასის თქმით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებს და რუსეთის მხრიდან ესკალაციის შემთხვევაში მოსკოვზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის.
მისივე განცხადებით, რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმების მეთოდებს კონკრეტული ქვეყნის მიხედვით ცვლის.
„ზოგ შემთხვევაში მოსკოვი დეზინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებების გაღვივებასა და არჩევნებში ჩარევას ცდილობს. სხვა შემთხვევებში კი თავდასხმები ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე – სამხედრო ობიექტებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ჰიბრიდულ ინსტრუმენტებთან დასაპირისპირებლად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა უნდა გააძლიერონ.
„ერთი რამ ძალიან ნათელია – პუტინი არ გაჩერდება, თუ მას არ გააჩერებენ. ამიტომ, რადგან რუსეთი მზად არის უფრო დიდი რისკები აიღოს, ევროპამ მას უფრო დიდი ფასი უნდა გადაახდევინოს“, – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების უკან დგანან. კალასის განცხადებით, ბოლო პერიოდში სანქციები ცხრა ფიზიკურ და ოთხ იურიდიულ პირს დაუწესდა.
კალასმა ასევე ისაუბრა რუსეთის ფინანსური შესაძლებლობების შეზღუდვაზე.
„ევროკავშირის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას უკვე ერთი ტრილიონი ევრო დააკარგვინა. ახლა სანქციების ფარგლებში ყველაზე დიდ სიაზე მუშაობას ვასრულებთ“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი ასევე აგრძელებს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე ზეწოლას.
„ჩვენ თანმიმდევრულად ვშლით „ჩრდილოვან ფლოტს“. ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ოპერაციები საეჭვო გემების შემოწმებაში წამყვან როლს ასრულებს“, – აღნიშნა კალასმა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად სულ უფრო ნაკლები ქვეყანა აძლევს ასეთ გემებს საკუთარი დროშის ქვეშ გადაადგილების უფლებას.
კალასმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შეზღუდვებზე. მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე შეამცირა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა, დააწესა ახალი მოთხოვნები შენგენის ზონაში გადაადგილებაზე და ევროკავშირში რუსეთის მისიის თანამშრომელთა რაოდენობა 40-მდე შეზღუდა.
მისივე განცხადებით, ცალკეული ქვეყნები დამატებით ზომებსაც იღებენ. მაგალითად, კალასმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა ცოტა ხნის წინ 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
კალასის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღების შესაძლებლობა კვლავ არსებობს.
„შეგვიძლია, კიდევ უფრო გავამკაცროთ შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლი. შეგვიძლია, ავკრძალოთ ვიზების გაცემა რუსეთის ყოფილი სამხედროებისთვის. ასევე, უნდა გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას. უნდა შევამციროთ იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ევროპულ ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებენ. პუტინი კლასიკური მოძალადის მსგავსად მოქმედებს. მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმები ჩვენი დაშინების, საზოგადოებების პარალიზებისა და მოქმედებისგან თავის შეკავებისკენ არის მიმართული. სწორედ ეს სურს პუტინს. ჩვენ არ უნდა მივცეთ შიშს ჩვენი გადაწყვეტილებების განსაზღვრის უფლება. ამ თავდასხმების მასშტაბს კონკრეტული მოქმედებებითა და თავდაჯერებით უნდა ვუპასუხოთ. ამას ევროპის უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეები მოითხოვენ“, – განაცხადა კალასმა.