კაია კალასი - სერბეთი სტრატეგიული არჩევანის წინაშე დგას, სად სურს ყოფნა, სერბეთის ევროპული მომავალი დამოკიდებულია იმ ღირებულებებზე, რომელთა დაცვასაც ის გადაწყვეტს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა სერბეთს მოუწოდა, გააკეთოს სტრატეგიული არჩევანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
კაია კალასმა აღნიშნული განცხადება ბელგრადში ვიზიტის დროს გააკეთა.
როგორც კალასმა აღნიშნა, ევროკავშირში წევრობისკენ რეალური წინსვლისთვის საჭიროა კონკრეტული ქმედებები, კერძოდ, რეფორმები, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, კორუფციასთან ბრძოლა და საარჩევნო რეფორმა.
„სერბეთი სტრატეგიული, გეოსტრატეგიული არჩევანის წინაშე დგას, სად სურს ყოფნა. სერბეთის ევროპული მომავალი დამოკიდებულია იმ ღირებულებებზე, რომელთა დაცვასაც ის გადაწყვეტს. სერბეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ჩემი საუბრებიდან გასაგებია, რომ ევროკავშირში წევრობა რჩება სტრატეგიულ მიზნად, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვჭირდება, ვნახოთ ქმედებები, რომლებიც ადასტურებენ და აძლიერებენ ამ სიტყვებს“, – განაცხადა კაია კალასმა.
კალასმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში 9 მაისს გამართულ აღლუმში, ხოლო ბრიუსელმა ეს ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა.
ბელგრადში ვიზიტის დროს კალასმა განაცხადა, რომ ვუჩიჩთან ეს საკითხი განიხილა.
„მე ვთქვი ჩემი ძალიან მკაფიო მოსაზრება. ვერ ვიგებ, რატომ არის საჭირო იმ ადამიანთან გვერდით დგომა, რომელიც საშინელ ომს აწარმოებს უკრაინაში“, – აღნიშნა კალასმა.
თავის მხრივ, ვუჩიჩმა განმარტა, რომ აღლუმში მონაწილეობა იყო რუსეთთან ტრადიციული მეგობრობის გამოვლინება და სერბეთი რუსეთს მიიჩნევს სლავურ და მართლმადიდებელ მოკავშირედ. ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა დაადასტურა სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვა.
სერბეთში ვიზიტის დროს კაია კალასი ასევე შეხვდა საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომლებიც დემოკრატიულ ცვლილებებს მოითხოვენ.