კაია კალასი - რუსეთის თავდასხმები ევროკავშირზე, მათ შორის პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია, ტერორიზმად უნდა შეფასდეს, რუსეთი სურს, ჩვენს საზოგადოებას ეშინოდეს
კაია კალასი - რუსეთის თავდასხმები ევროკავშირზე, მათ შორის პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია, ტერორიზმად უნდა შეფასდეს, რუსეთი სურს, ჩვენს საზოგადოებას ეშინოდეს

ეს დივერსიული აქტები, რომლებსაც რუსები ჩვენს ტერიტორიებზე, სხვადასხვა ქვეყანაში აწყობენ, უკიდურესად სერიოზულია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ევროკავშირზე, მათ შორის პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია, ტერორიზმად უნდა შეფასდეს.

კალასმა საუბრის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვები მოიშველია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ჩადენილ ჰიბრიდულ ინციდენტებს სახელი უნდა დაერქვას და „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორიზმად“ შეფასდეს.

ამასთან, კაია კალასის თქმით, რუსეთს საზოგადოებაში შიშის დათესვა სურს და სწორედ ამიტომ ქვეყნისთვის პასუხის გაცემის დროს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გარკვეული ბალანსი უნდა დაიცვან.

„რუსეთს სურს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეშინოდეს და რეაგირება ძალიან ძლიერი თუ იქნება, ეს ხალხის შეშინებას გამოიწვევს. ასე რომ, წევრმა სახელმწიფოებმა ბალანსი უნდა იპოვონ“, – აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის, ინციდენტი 16 ნოემბერს ვარშავა-ლუბლინის მაგისტრალზე მოხდა. პოლონეთში სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი დივერსიისა და ტერორისტული საფრთხის გამო ქვეყნის მთავრობამ კონკრეტულ რკინიგზის ხაზებზე ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა. ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სარკინიგზო მაგისტრალი უკრაინის მოქალაქეებმა ააფეთქეს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის დაზვერვასთან.