კაია კალასი – რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმები აჩვენებს, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს

22:34, 08.09.2026

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ მიუხედავად აშშ-ის განახლებული დიპლომატიური ძალისხმევისა, მათ შორის, ამერიკელი წარმომადგენლების მოსკოვსა და კიევში ვიზიტებისა, რუსეთის პოზიციის ცვლილების ნიშნები არ ჩანს.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე რეალური საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსეთი თავდასხმებს, განსაკუთრებით კი მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშებს შეწყვეტს.

„ისინი თავდასხმებს თუ შეწყვეტდნენ, ეს დამარწმუნებდა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რის შემდეგაც რეალურად შეიძლება დასხდომა და მოლაპარაკებების დაწყება. მაგრამ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტა არ გვინახავს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ამ მოლაპარაკებებს რეალურად სერიოზულად არ უყურებენ“, – განაცხადა კალასმა.

კალასის განცხადებით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა და ევროკავშირის სანქციებმა მოსკოვში „დაძაბულობა“ გაზარდა.

ამასთან, კალასმა ისაუბრა ბელარუსის როლზეც და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანა რუსეთის ომის „პლატფორმად“ აქცია.

„ლუკაშენკომ ბელარუსი რუსეთის ომის პლატფორმად აქცია“, – განაცხადა კალასმა.

მსგავსი