კაია კალასი – პუტინს დარტყმას ვაყენებთ ყველაზე მტკივნეულ ადგილას, ვწყვეტთ მომარაგების ფინანსურ ჯაჭვებს, რომლებსაც ის ეყრდნობა ომის გასაგრძელებლად, ეს არ არის დასასრული, ვმუშაობთ შემდეგ პაკეტზე

16:37, 23.07.2026

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ფართო ზომებს რუსეთის ფინანსური სისტემის, სამხედრო მრეწველობისა და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის საომარი მანქანის დაფინანსების მთავარ წყაროებს წარმოადგენენ.

„ჩვენ პუტინს დარტყმას ვაყენებთ ყველაზე მეტად მტკივნეულ ადგილას – ვწყვეტთ მომარაგების ფინანსურ ჯაჭვებს, რომლებსაც ის ომის გასაგრძელებლად ეყრდნობა. ეს არ გახლავთ სანქციების დასასრული, ჩვენ უკვე ვმუშაობთ შემდეგ პაკეტზე. ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეაგირება რუსეთის მხრიდან ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე“, – განაცხადა კაია კალასმა.

კალასის თქმით, სანქციები შეეხება დამატებით 218 ადამიანს.

„ჩვენ დავარტყით 100-ზე მეტ ბანკსა და კრიპტოვალუტების ოპერატორს, „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40 ხომალდს და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთსა და ბელარუსში. ჩვენ ასევე რეაგირება მოვახდინეთ რუსეთის მიერ სამოქალაქო მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე, რომლებიც არ წყდება. სიაში მოხვდა რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის 50 კომპანია და მნიშვნელოვანი სუბიექტები, რომლებიც ჩართული არიან რუსული შორ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოებაში“, – განმარტა კალასმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ შეათანხმეს.

მსგავსი