კაია კალასი – ორმხრივმა უთანხმოებებმა ევროკავშირის გაფართოების პროცესი არ უნდა შეაფერხოს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ორმხრივმა უთანხმოებებმა ევროკავშირის გაფართოების პროცესი არ უნდა შეაფერხოს.
„ევროპა ძალიან პატარა კონტინენტია. ჩვენ რეალურად გვჭირდება, რომ ევროპაში მდებარე ქვეყნებთან ერთად უფრო ძლიერები ვიყოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.
კალასმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ხორვატიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მონტენეგროს მიმართ პრეტენზიებია ჩამოთვლილი. საუბარია ხორვატიის რვა მოთხოვნაზე, რომელთა შესრულებასაც ხორვატია მონტენეგროსგან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებამდე მოითხოვს. მათი უმეტესობა იუგოსლავიის დაშლის თანმხლებ ომებს უკავშირდება.
დოკუმენტში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია ზაგრების მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ. საუბარია დაახლოებით 300 ხორვატ მოქალაქეზე, რომლებიც 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის აგვისტომდე მონტენეგროში, მორინჯის ტყვეთა ბანაკში ჰყავდათ დაკავებული და არასათანადოდ ეპყრობოდნენ. ხორვატია ასევე მოითხოვს, რომ ყოფილი ბანაკის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მემორიალური დაფა მუდმივად ხილული იყოს. მანამდე, მონტენეგროელი ნაციონალისტური ჯგუფების პროტესტის შემდეგ დაფის გარშემო ლითონის დიდი კონსტრუქცია დაამონტაჟეს.
კიდევ ერთი მოთხოვნა ეხება ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს დაკარგულ 14 ადამიანს. ზაგრები მონტენეგროსგან მათი ნეშტების მოძიებაში დახმარებას მოითხოვს.
მორინჯის ბანაკში ჩადენილი ომის დანაშაულები კიდევ ერთი სადავო საკითხია. ხორვატია მოითხოვს, რომ უკვე მსჯავრდებული სამხედრო დამნაშავეების საქმეებში განიხილებოდეს მათი მეთაურების პასუხისმგებლობის საკითხიც.
ხორვატია მონტენეგროსგან ასევე ელოდება 1990-იანი წლების დასაწყისიდან არსებული ქონებრივი დავების მოგვარებას. დავები ეხება ხორვატთა ოჯახებს, რომლებსაც ქონება უკანონოდ ჩამოართვეს და სათანადო კომპენსაცია არ გადაუხადეს.
ზაგრები ასევე მოითხოვს იალქნიანი სასწავლო გემის, „იადრანის“ დაბრუნებას. გემი მონტენეგროს კონტროლის ქვეშ 1991 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ იმყოფება.
ამასთან, ხორვატია ასევე მოითხოვს მეზობელ ქვეყანასთან ტერიტორიული დავების მოგვარებას. საუბარია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვარზე. ზაგრების შეფასებით, ეს საკითხები იუგოსლავიის შესახებ კონფერენციის საარბიტრაჟო კომისიის პრინციპების შესაბამისად უნდა გადაწყდეს.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები გაფართოების საკითხს დღეს, საღამოს სამუშაო ვახშამზე განიხილავენ. მსჯელობის ერთ-ერთი თემა იქნება ევროკომისიის მიერ ახლახან წარდგენილი წინადადებები, რომლებიც ევროკავშირში ახალი წევრების მიღების შემთხვევაში ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერებასა და გაერთიანების ინსტიტუტებში გადაწყვეტილებების მიღების წესების შეცვლას ითვალისწინებს.