კაია კალასი - ნათელია, რომ რუსეთი ესკალაციას ახდენს, მშვიდობისთვის საჭიროა ორი მხარე, ვისაც ომი სურს, ეს რუსეთია
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაციას ახდენს. ამის შესახებ კალასმა „ბიბისი რადიოსთან“ საუბრის დროს განაცხადა.
კალასის თქმით, რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე, განსაკუთრებით კი ხალხზე, ყველაზე მომაკვდინებელია.
„ნათელია, რომ რუსეთი ესკალაციას ახდენს. მშვიდობისთვის საჭიროა ორი მხარე, მაგრამ ომის სურვილი მხოლოდ ერთ მხარეს შეუძლია ჰქონდეს და ნათელია, რომ ვისაც ომი სურს, ეს რუსეთია“, – განაცხადა კალასმა.
ჟურნალისტმა კალასს კითხვა დაუსვა ორი დღის წინ გაკეთებულ მის განცხადებაზე, სადაც კალასმა აღნიშნა, რომ ჩინეთი არის რუსეთის მიერ წარმოებული ომის მთავარი სპონსორი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ორმაგი დანიშნულების საქონლის 80% რუსეთში ჩინეთის გავლით ხვდება.
„ნათელია, რომ ჩინეთი ომის წინააღმდეგი თუ იქნება, მაშინ ეს ომი მარტივად დასრულდება. ჩინეთის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა ომის მსგავსი მასშტაბით გაგრძელებას“, – აღნიშნა კალასმა.