კაია კალასი – მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები, თითქმის ორი წელია, ცდილობენ უკრაინის კაპიტულაციაზე იძულებას, უკრაინა პუტინის პირობებს არ დანებდა, რადგან ევროპამ მხარი დაუჭირა
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები, თითქმის ორი წელია, ცდილობენ უკრაინის კაპიტულაციაზე იძულებას, უკრაინა პუტინის პირობებს არ დანებდა, რადგან ევროპამ უკრაინას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელებს და მას სხვა არჩევანი არ აქვს.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას და ევროპას სურთ მშვიდობა, რუსეთს კი – არა.
„ტყუილია, რომ ჩვენ არ გვინდა მშვიდობა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინას ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, რადგან ისინი დაბომბვის ქვეშ არიან და მეხუთე წელია, ეს გრძელდება. ასე რომ, მათ ნამდვილად სურთ მშვიდობა და ევროპას სურს მშვიდობა. ერთადერთი, ვისაც არ სურს მშვიდობა, რუსეთია. რუსეთი მაქსიმალურ მოთხოვნებსა და პირობებს თუ წამოაყენებს, ჩვენც უნდა დავაყენოთ ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები ამ მოლაპარაკებების დასაბალანსებლად“, – განაცხადა კაია კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დროს ევროკავშირი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი.
„ძალიან, ძალიან ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენც გვაქვს მოთხოვნები რუსეთის მიმართ. ჩვენ ამ ყველაფერს არ ვთმობთ, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ იმის უზრუნველყოფასაც, რომ ეს მშვიდობა იყოს ხანგრძლივი და სამართლიანი“, – აღნიშნა კაია კალასმა.