კაია კალასი – ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმას სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს, ჩვენ უკვე გამოვიძახეთ რუსეთის ელჩი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმას „სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის ყველა ნიშანი“ აქვს.
მისივე თქმით, გერმანიის მიერ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება „ძალიან ძლიერი სიგნალია“. მან ასევე შეაქო ევროკავშირის ქვეყნები ბერლინის მხარდასაჭერად გაერთიანებისთვის.
„ჩვენ უკვე გამოვიძახეთ რუსეთის ელჩი, ისევე როგორც ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ. განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა კალასმა.
კალასის განცხადებით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ დამატებით სანქციების მიღება იგეგმება. მისი ინფორმაციით, განიხილება შავ სიაში 1 600 პირისა და ორგანიზაციის შეყვანის საკითხი.
კალასის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუმცა გერმანიას ევროკავშირის პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.
„ეს არის ერთიანი პასუხი, რომელიც ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა კალასმა.
ამავე თემაზე საუბრისას მკაცრი პოზიცია დააფიქსირეს სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ თავდასხმა კრემლის მიერ ევროკავშირის, მისი დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებისკენ მიმართული „ხანგრძლივი მცდელობის“ ნაწილია.
„ასეთი სიმძიმის აქტს შედეგების გარეშე არ დავტოვებთ“, – განაცხადა ბარომ.
მისივე თქმით, საფრანგეთი მხარს დაუჭერს გერმანიის მიერ სანქციების დაწესების წინადადებებს და თავადაც გამოვა რუსული გემების წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღების ინიციატივით.
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰელენ მაკენტიმ განაცხადა, რომ ევროპამ უკვე გადალახა მხოლოდ „ჰიბრიდულ საფრთხეებზე“ საუბრის ეტაპი.
„ჩვენ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან აქტივობაზე“,- განაცხადა მაკენტიმ.
მისივე თქმით მოსკოვი ევროკავშირის მთავრობებს შორის განხეთქილების გაჩენას და მოქალაქეებში შიშის დათესვას ცდილობს.
ცნობისთვის, პირველ სექტემბერს გერმანიამ ოფიციალურად დააკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვს 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ლაიფციგის აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი სამი დრონი აღმოაჩინეს. გერმანიამ საპასუხო დიპლომატიური ზომები გამოაცხადა. რუსეთი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.