კაია კალასი – ​ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ყურადღების გადატანა, ფაქტობრივად, ყურადღების გაფანტვაა მთავარი საკითხიდან, ეს არის ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინაში მკვლელობების შეჩერება

15:21, 12.11.2026

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა დუბლინში ჟურნალისტებთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატზე, ევროკავშირის წარმომადგენლობასა და წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვაზე ისაუბრა.

კაია კალასის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე პროცესებში რუსეთის მხრიდან კეთილი ნება არ ჩანს. მისი თქმით, აუცილებელია მოქმედებების სწორი თანმიმდევრობის დაცვა: პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შეჩერება, შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი და მხოლოდ ამის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა.

კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას უსაფრთხოების არქიტექტურა უკვე აქვს და ის ისეთ დოკუმენტებშია გაწერილი, როგორებიცაა ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის შეთანხმება და ბუდაპეშტის მემორანდუმი. მისი თქმით, ამ დოკუმენტებს თავად რუსეთიც დაეთანხმა, თუმცა ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

„ახლა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ყურადღების გადატანა, ფაქტობრივად, ყურადღების გაფანტვაა მთავარი საკითხიდან, ეს არის ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინაში მკვლელობების შეჩერება“, – განაცხადა კალასმა.

კითხვაზე, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებებზე და იქნება თუ არა ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან ერთად, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებები ამ საკითხს მკაფიოდ განსაზღვრავს და შესაბამისი გადაწყვეტილება 2024 წლის ივნისში უკვე მიღებულია. მისი თქმით, უსაფრთხოების საკითხებზე ევროპას ანტონიო კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წარმოადგენენ.

კალასის განცხადებით, მოსკოვს არ აქვს უფლება, განსაზღვროს, ვინ იქნება ევროკავშირის წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე.

„ჩვენ მათ წარმომადგენლებთან დაკავშირებით რამეს ვამბობთ? ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი წარმომადგენლის არჩევა“, – განაცხადა კალასმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა ამერიკელებს ევროპული ინტერესების დაცვაში, კალასმა მოკლედ უპასუხა: „ამერიკელები ამერიკულ ინტერესებს წარმოადგენენ, ევროპელები კი – ევროპულ ინტერესებს“.

მან ასევე დასძინა, რომ მთავარი მოლაპარაკებების შინაარსია და იმ დათმობების მოთხოვნა რუსეთისგან, რომლებიც ევროპის ფუნდამენტურ ინტერესებს შეესაბამება.

კალასმა ყურადღება გაამახვილა წყალქვეშა კაბელებსა და ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ თავდასხმებზეც. მისი თქმით, საერთაშორისო საზღვაო სამართალი ამ საკითხს სათანადოდ არ არეგულირებს, რის გამოც აუცილებელია, ქვეყნებმა მეტი ინვესტიცია ჩადონ როგორც თავდაცვაში, ასევე კოორდინაციაში.

მსგავსი