კაია კალასი – ევროკავშირის საზღვაო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი შეამოწმეს, ევროკავშირი „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობას ზღვაშიც და დიპლომატიური გზებითაც შეუშლის ხელს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საზღვაო ძალებმა, ხმელთაშუა ზღვაში მოქმედი ოპერაცია „ირინის“ (EUNAVFOR MED IRINI) ფარგლებში, 13 ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წევრობაში ეჭვმიტანილი ტანკერი შეამოწმეს.
განცხადება სოციალურ ქსელში კაია კალასმა გაავრცელა.
„გაერო-ს ზღვის სამართლის კონვენციის 110-ე მუხლი საეჭვო გემზე ასვლისა და შემოწმების უფლებას იძლევა. სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ჩატარებულმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ გემი MIDAG ყალბი დროშის ქვეშ მიცურავდა. ევროკავშირი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობას ზღვაშიც და დიპლომატიური გზებითაც შეუშლის ხელს“, – წერს კალასი.
მისივე თქმით, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს დაამტკიცებენ.
„სანქციები შეეხება ბანკებს, მყიდველებს და იმ კომპანიებს, რომლებიც „ჩრდილოვან ფლოტს“ უჭერენ მხარს“, – დაწერა კაია კალასმა.
EU forces from @EUNAVFOR_MED IRINI boarded a suspected Russian shadow fleet tanker in the Mediterranean on 13 November.
The boarding, conducted under Article 110 of the UN Convention on the Law of the Sea, confirmed the MV MIDAG was sailing under a false flag.
The EU will keep disrupting Russia’s shadow fleet at sea and through diplomatic means.
On Monday, EU Foreign Ministers are set to approve new Russia sanctions listings, including on banks, buyers and companies supporting the shadow fleet.
— Kaja Kallas (@kajakallas) November 15, 2026