კაია კალასი ევროკავშირის საბჭოს სამიტამდე ვიქტორ ორბანს ესაუბრა
კაია კალასი ევროკავშირის საბჭოს სამიტამდე ვიქტორ ორბანს ესაუბრა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროკავშირის საბჭოს სამიტამდე უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს ესაუბრა. როგორც კაია კალასი წერს, სატელეფონო საუბრისას მათ უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება განიხილეს.

„ევროპული საბჭოს სამიტამდე მე ხაზი გავუსვი ჩვენ მიერ უკრაინის შემდგომი ხანგრძლივი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკავშირის გაფართოება ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოების პოლიტიკაცაა“, – წერს კალასი.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს 14-15 დეკემბერს ჩანიშნული სამიტის დღის წესრიგიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების ამოღებას ითხოვს. ბუდაპეშტს მიაჩნია, რომ უკრაინა მზად არ არის და ამ ეტაპზე სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება უფრო შესაფერისი იქნებოდა.