კაია კალასი – ევროკავშირის ქვეყნები მხარს უჭერენ რუსი მებრძოლებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების პირობების გამკაცრებას
კაია კალასი – ევროკავშირის ქვეყნები მხარს უჭერენ რუსი მებრძოლებისთვიდ ვიზების გაცემის აკრძალვას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების პირობების გამკაცრებას
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომში მონაწილეობდნენ, ვიზების გაცემის აკრძალვისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პირობების გამკაცრების წინადადებას ევროკავშირში „ფართო მხარდაჭერა“ აქვს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარტინ გიზემ ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში დასასვენებლად გაცემული ვიზების რაოდენობა მეტისმეტად დიდია“. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყებოდა.
გერმანია პარტნიორებთან იმუშავებს, რათა „გაცემული ვიზების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს“, – აღნიშნა გიზემ.
მისივე თქმით, ვიზები მხოლოდ იმ რუსებისთვის უნდა გაიცეს, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ. როგორ განისაზღვრება ეს, მას არ დაუკონკრეტებია.
„არ მსურს ვინმეს მივცე შესაძლებლობა, კონტროლის ამ ზომებს გვერდი აუაროს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის პირველ სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ რუსეთი საჯაროდ დაადანაშაულა ლაიფციგის აეროპორტში 4 აგვისტოს დრონების გამოყენებით დივერსიის მომზადებაში. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს. ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი ბერლინის პოზიციას შეუერთდნენ.