კაია კალასი – ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში წელს 20 მილიონ ევროს ჩადებს
ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად წელს 20 მილიონ ევროს ჩადებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასი რუსული დრონების მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევას მიუღებლად მიიჩნევს.
„რუსული დრონების მიერ მოლდოვას საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია და სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლას საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი წელს 20 მილიონ ევროს ჩადებს მოლდოვის საჰაერო თავდაცვაში, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას. მოლდოვის ცა არ უნდა გახდეს რუსეთის ომის მსხვერპლი“, – წერს კალასი.
ცნობისთვის, 29 ნოემბრის ღამეს უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული ორი რუსული დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეფრინდა. დრონების გამოჩენის გამო კიშინეუს აეროპორტი დროებით დაიხურა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუსეთის ქმედებები დაგმო და მოსკოვი დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში ეს მესამე მსგავსი შემთხვევაა.
Russian drone violations of Moldova’s airspace are unacceptable and put civilian air traffic at risk.
The EU is investing 20 million EUR this year in Moldova’s air-defences to help strengthen the country’s security.
Moldova’s skies cannot become a casualty of Russia’s war.
— Kaja Kallas (@kajakallas) November 29, 2025