კაია კალასი - ერთიანები როდესაც არ ვართ, არ გვაქვს გეოპოლიტიკური ძალა, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთნაირად ვუყურებდეთ, არის თუ არა საფრთხეები, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ - არა
კაია კალასი - ერთიანები როდესაც არ ვართ, არ გვაქვს გეოპოლიტიკური ძალა, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთნაირად ვუყურებდეთ, არის თუ არა საფრთხეები, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ - არა

გაფართოების პანელზე არავის სჭირდება იმის ახსნა, რატომ არის გაფართოება აუცილებელი, მაგრამ წევრ სახელმწიფოებში ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭიროა ამის ახსნა, – ამის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაფართოება გეოპოლიტიკური იმპერატივია.

„საუბარი იყო შესაძლებლობის ფანჯარაზე და შესაძლებლობის კარზე. როდესაც ისტორიას ვუყურებთ, ნათელია, რომ ზოგჯერ ეს კარი ღიაა, ზოგჯერ კვლავ დახურულია. გაფართოება არის გეოპოლიტიკური იმპერატივი. ამ პანელზე არავის სჭირდება იმის ახსნა, რატომ არის გაფართოება აუცილებელი, მაგრამ წევრ სახელმწიფოებში ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭიროა ამის ახსნა. ჩვენ ცვალებად გეოპოლიტიკურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. მსოფლიო წესრიგი რეალურად იცვლება და ძვრები სახეზეა. ჩვენთვის, ასევე ევროპის გეოპოლიტიკური ძალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი ვფიქრობთ ერთნაირად. სწორედ ამიტომ ჩვენ ვეუბნებით წევრ ქვეყნებს, შეთანხმებული იყოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აჩვენებს, ან ჩვენთან ხარ ფიქრებით და იდეებით, ან არ ხარ. ჩვენ გვაქვს ბრძოლა ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან, რომლებიც ამ რაღაცებს განსხვავებულად ხედავენ. როდესაც ჩვენ ერთიანები არ ვართ, ჩვენ არ გვაქვს გეოპოლიტიკური ძალა, რაც გვექნება, თუ ერთიანები ვიქნებით. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყურადღება ერთიანობაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ვსაუბრობდეთ ერთი ხმით, მსოფლიოს ერთნაირად ვუყურებდეთ, არის თუ არა საფრთხეები, ვინ არის მეგობარი, ვინ არ არის ჩვენი მეგობარი, როგორ ავაშენოთ ალიანსები იმ ღირებულებებზე დაფუძნებით, რომლებსაც მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი გაფართოების ფორუმს ატარებს, რომელშიც საქართველო არ არის მიწვეული. ევროკავშირის გაფართოების ფორუმი ევროკომისიის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის გაფართოებაზე დისკუსიის პოპულარიზაციას. ოფიციალური განცხადების თანახმად, გაფართოების განახლებული იმპულსი ევროკომისიის 2024–2029 წლების სტრატეგიული ხედვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. გაფართოების ფორუმში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმეები, ხელოვანები, ახალგაზრდები და პოლიტიკის ექსპერტები როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ასევე გაფართოების პროგრამის ქვეყნებიდან.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ უკვე აღარ არსებობს კითხვები, ვის აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან.