კაია კალასი აშშ-ის მიერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევას გმობს – „ვიცი, რატომ ჩადის პუტინი, მას უნდა აჩვენოს, რომ მსოფლიო ლიდერები პატივს სცემენ“

14:15, 25.09.2026

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აშშ-ის ხელისუფლების მიერ დეკემბერში პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევას გმობს.

მისივე თქმით, დეკემბერში მაიამიში G20 სამიტზე პუტინის მიწვევა, ნიშნავს, რომ რუსეთის ლიდერი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველ მნიშვნელოვან დასავლურ დიპლომატიურ სამიტს დაესწრება.

„დიდი ოცეულის სამიტზე პუტინის ვიზიტს რაც შეეხება, მე ვიცი, თუ რატომ ჩადის პუტინი. მას უნდა მსოფლიოს აჩვენოს, რომ მსოფლიო ლიდერები მას პატივს სცემენ. თუმცა, რატომ უნდათ სხვებს მისი იქ ყოფნა? რატომ უნდა ეს ამერიკას? აშშ-ში ბოლო რამდენიმე დღეში რუსეთისა დაზვერვის ოფიცრები დააკავეს ამერიკელების მკვლელობისთვის. ეს ოფიცრები ვლადიმერ პუტინის დავალებით მოქმედებდნენ“, – განაცხადა კალასმა.

კალასის თქმით, რუსეთი ომის არა დასრულებას, არამედ ესკალაციას ცდილობს.

„პუტინმა არ აჩვენა, რომ მშვიდობა სურს; პირიქით – ივლისი და აგვისტო ყველაზე სასიკვდილო თვეები იყო უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მთელი წლის განმავლობაში, მთელი ამ ომის განმავლობაში. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს, რადგან მათ არ შეუძლიათ ბრძოლის ველზე რაიმე წინსვლა“, – განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვეულია.

მსგავსი