კაია კალასი - არ გვითქვამს, რომ უკრაინა ნატო-ში უნდა გაწევრიანდეს, ვიდრე ომი მიმდინარეობს, ეს არასდროს არავის უთხოვია, არც უკრაინას, უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რაც მიიყვანს უკრაინას ნატო-მდე
კაია კალასი - არ გვითქვამს, რომ უკრაინა ნატო-ში უნდა გაწევრიანდეს, ვიდრე ომი მიმდინარეობს, ეს არასდროს არავის უთხოვია, არც უკრაინას, უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რაც მიიყვანს უკრაინას ნატო-მდე

ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის ნატო-ში პირდაპირი შეყვანა, ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რაც მიიყვანს უკრაინას ნატო-მდე და ჩვენ შევთანხმდით ამ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია.

„გუშინ ჩვენ მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები უკრაინის ნატო-სკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუება უკრაინის მხრიდან. გვესმის, რომ უკრაინას სურს, ჰქონდეს მშვიდობა, რომელიც ნატო-ს ქოლგას მოაქვს, მაგალითად, ჩვენი ქვეყნებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილების უკან ყველა მოკავშირე დგას და ჩვენ ვიწყებთ ამ პროცესს, რათა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, მე ნამდვილად მჯერა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია. ალიანსში ყოფნა გულისხმობს „ნაცრისფერი ზონის“ დასრულებას , რასაც გვინდა, რომ მივაღწიოთ.

გუშინ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავდაცვის ახალ გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვითქვამს, რომ უკრაინა უნდა გაწევრიანდეს, ვიდრე ომი მიმდინარეობს. ეს არავის უკითხავს, არავინ უთხოვია არასდროს, არც უკრაინას. ყველას ესმის, რომ მათ არ შეუძლიათ გაწევრიანება, ვიდრე ომი მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით ამ პროცესზე, ვგულისხმობ იმას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურად გადახედავენ პროცესს და ნახავენ, საით მიდის. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის ნატო-ში პირდაპირი შეყვანა, ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რაც მიიყვანს უკრაინას ნატო-მდე და ჩვენ შევთანხმდით ამ ნაბიჯებზე. ჩვენ უნდა შევძლოთ, შევასრულოთ ყველა პირობა და შეიძლება იყოს ძალიან მოკლე დროის მონაკვეთი, როცა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება, როგორც ეს ჩვენთვის მოხდა და როცა უკრაინა რუსეთს უკან დააბრუნებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, შეუერთდნენ ნატო-ს“, – განაცხადა კაია კალასმა.