კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა დასჯადი უნდა გახდეს
კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა დასჯადი უნდა გახდეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა დასჯადი უნდა გახდეს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ აღარ გვაქვს რუსეთთან ასეთი დიდი ვაჭრობა, თუმცა ვაჭრობა გვაქვს მესამე ქვეყნებთან. საკითხავია, მიდის თუ არა ეს პროდუქტი ნამდვილად მესამე ქვეყნებში, თუ რუსეთი იყენებს ამ ტრანზიტს თავის სასარგებლოდ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციების გვერდის ავლის დასჯადობაზე. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, ასევე განვიხილოთ სანქციების შემდეგ პაკეტი. თუმცა, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, აღმოვფხვრათ გვერდის ავლის შესაძლებლობები“, – განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ „დიდი შვიდეული“ გადახედავს ნავთობზე შეთანხმებულ ზღვრულ ფასს.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ნავთობიდან ნაკლებ შემოსავალს იღებს, ვხედავთ, რომ ეკონომიკურ სანქციებს, მათ შორის ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებას, აქვს გავლენა რუსულ ეკონომიკაზე და მათ შესაძლელობაზე, ამუშაონ ომის მანქანა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს, სურს დიდი შვიდუელის მიერ შეთანხმებული ზღვრული ფასი შეამციროს, რათა მოსკოვის შემოსავალი უფრო შეიზღუდოს. დიდი შვიდეულის შეთანხმებით, ზღვით ექსპორტირებული რუსული ნავთობის ზღვრული ფასი ერთი ბარელზე 60 დოლარს შეადგენს.