ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტის დაწესების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ცნობილია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უნგრეთი ბლოკავს. ბუდაპეშტი უკრაინის ხელისუფლებას ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით უნგრეთში რუსულ ნავთობის ტრანზიტის აღდგენისკენ მოუწოდებს. როგორც უნგრეთის ხელისუფლება აცხადებს, არ არსებობს ტექნიკური ან ფიზიკური წინააღმდეგობა, რომ „დრუჟბის“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება აღდგეს და ეს უკრაინის „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“. ამ ბრალდებას კიევში უარყოფენ.
„ჩვენ უნგრეთის მხრიდან გადაწყვეტილებების ბლოკირების სცენარი ადრეც გვინახავს. ასევე, ვნახეთ, შეგვიძლია გამოსავლის პოვნა ერთობლივად. ახლა ვატარებთ საინფორმაციო სამუშაოს სხვადასხვა დონეზე უნგრელ და სლოვაკ კოლეგებთან, რათა მეოცე პაკეტზე წინსვლა მოხდეს. ცხადია, ეს არ არის იოლი საქმე, მაგრამ სამუშაო გრძელდება. ძალიან ვწუხვარ, რომ მეოცე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას დღეს ვერ მივაღწიეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ არის უკრაინაში ომის დაწყების სევდიანი წლისთავი, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ძლიერი გზავნილი უკრაინისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას და ასევე მეტ ზეწოლას მოვახდენთ რუსეთზე ომის შესაჩერებლად“, – განაცხადა კალასმა.
კალასმა კომენტარი გააკეთა უნგრეთის გადაწყვეტილების შესახებაც, უკან წაიღოს თანხმობა უკრაინისათვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემაზე. ამ შეთანხმებას ევროკავშირის ლიდერებმა დეკემბერში მიაღწიეს, თუმცა უნგრეთში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გადახედეს და ახლა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ გამოდიან.
ჟურნალისტმა კაია კალასს ჰკითხა, რამდენად მიაჩნია, რომ ვიქტორ ორბანის ეს ნაბიჯი დაკავშირებულია 12 აპრილს უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებთან.
„ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთში დაგეგმილია არჩევნები, თუმცა ჩემთვის ძალიან რთულია ამის დანახვა, განსაკუთრებით უნგრეთის ისტორიის გათვალისწინებით, რომ უნგრელი ხალხი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმას. ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ უნგრეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მათ რაიმე დამატებით ქულებს მოუტანს არჩევნებზე, მაგრამ ცხადია, მე არ ვიცი უნგრეთის პოლიტიკური გარემო. ძალიან სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ მიაღწია, ყველა ლიდერმა, ახლა უკან დახევა არსებობს. მე ვიცი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კოშტა ამ საკითხს წამოწევენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ორბანთანაც. უნგრეთის გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის შესაბამისობაში გულწრფელ თანამშრომლობასთან, რომელიც გვაქვს გაწერილი ევროკავშირის შეთანხმებებში“, – განაცხადა კალასმა.
ნავთობსადენ „დრუჟბის“ გარშემო არსებულ დავაზე საუბრისას, კალასმა განაცხადა, რომ შექმნილ მდგომარეობაში დამნაშავეა რუსეთი, რადგან, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რუსეთმა დაბომბა ნავთობსადენი.
„რუსეთმა დაბომბა არა მხოლოდ ეს ნავთობსადენი, არამედ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 80%. მე ვერ დავადანაშაულებ უკრაინელებს იმისთვის, რომ ისინი პრიორიტეტულად არემონტებენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ ხალხს სჭირდება. ახლა უკრაინაში -25 გრადუსია, სჭირდებათ გათბობა, ელექტროენერგია და მათთვის პრიორიტეტი ეს დაზარალებული ხალხია და არა ამ ნავთობსადენის რემონტი, რომელსაც უბრალოდ გააქვს იაფი ნავთობი სხვა ქვეყნებში. დამნაშავე, ცხადია, რუსეთია. მას რომ არ დაეწყო ეს ომი, ამ პრობლემების წინაშე არ ვიქნებოდით. სწორედ ამიტომ არის საჭირო სანქციების წინ წაწევა, რათა რუსეთი დაისაჯოს ან ზეწოლა მოხდეს, რომ მათ ამის კეთება შეწყვიტონ“, – განაცხადა კალასმა.