კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი „ერთგულია ისრაელთან კონსტრუქციული ურთიერთობის“ მიმართ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი „ერთგულია ისრაელთან კონსტრუქციული ურთიერთობის“ მიმართ.
აღნიშნული განცხადება კალასმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ კალასთან კონტაქტს წყვეტს.
„ძვირფასო გიდეონ, როგორც იცი, ევროკავშირსა და ისრაელს ბევრი რამ გვაკავშირებს. ვაფასებ ჩვენს დიალოგსა და ურთიერთობას და მზად ვარ, ეს შევინარჩუნოთ პატივისცემით და კონსტრუქციულად. დიალოგი დიპლომატიის საფუძველია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უთანხმოება წარმოიშვება. ევროკავშირი ყოველთვის ერთგულია ისრაელთან კონსტრუქციული ურთიერთობის“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
საარის ბრალდებაზე, რომ კაია კალასი ისრაელის მიმართ „აკვიატებულად და უსამართლოდ მოქმედებდა“, კალასმა გაიმეორა ევროკავშირის პოზიცია.
„ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გზად რჩება. ევროკავშირმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უკანონო დასახლებები, რაც ამ მიზნის მიღწევას სულ უფრო ართულებს. ეს არის ევროკავშირის პოზიცია“, – აღნიშნავს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი.
Dear Gideon, as you know, the EU and Israel have a lot that binds us. I value our dialogue and engagement, and I’m open to continue in that spirit, respectfully and constructively. Dialogue is the foundation of diplomacy, especially when differences arise. The EU is always…
— Kaja Kallas (@kajakallas) June 18, 2026