ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველმა კაი ჰავერცმა დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე. ამის შესახებ, დედაქალაქური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.
გერმანელის დაინფიცირების ფაქტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის წინ გამოვლინდა, რომელშიც „ჩელსიმ“ შინ მიიღო „რენი“ და 3:0 გაიმარჯვა. ფეხბურთელი თვითიზოლაციაში გაუშვეს.
„ტესტის შედეგი უეფადან ორშაბათს მოვიდა. ჩვენ ჩავატარეთ განმეორებითი ტესტი, როცა ამის შესახებ გავიგეთ. გუნდის დანარჩენ წევრთა ტესტირების შედეგი უარყოფითი იყო და ეს კარგი ნიშანია.
ჰავერცი საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება. ის ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან თამაში უნდოდა. გუშინ, მას უმნიშვნელო სიმპტომები გამოუვლინდა, რომელიც შემდეგ გაძლიერდა. თუმცა, კაი წესრიგშია. ცდილობს ყველა წესი დაიცვას. იმედია, მალე დაბრუნდება“, – განაცხადა ლემპარდმა.