ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი საქართველოში 16 აგვისტოს „ბალ-მასკარადის“ პრემიერით გაიხსნება
ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი საქართველოში 16 აგვისტოს „ბალ-მასკარადის“ პრემიერით გაიხსნება

იტალიელი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, წელს პირველად საქართველოში ჩატარდება. 16 აგვისტოს თბილისის ოპერის თეატრში „ბალ-მასკარადის“ პრემიერა გაიმართება, რომელიც პარმის ოპერის თატრის დადგმაა.

ასევე, ფესტივალის ფარგლებში, 23 აგვისტოს – „არენა დი ვერონას“ „აიდა“ „ბლექ სი არენას“ სცენაზე შესრულდება. გარდა იმისა, რომ „არენა დი ვერონას“ სპექტაკლი პირველად ჩამოდის საქართველოში, „ბლექ სი არენაზე“ პირველად დაიდგევა საოპერო სპექტაკლი. 25 აგვისტოს კი, „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალა კონცერტს გამართავენ.

ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედია კომპანია Mediaset S.p.A. გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა სრული ტექნიკური აღჭურვილობითა და უზრუნველყოფს ფესტივალისა და ქვეყნის გაშუქებას. ტელევიზიით გაშუქდება არა მხოლოდ ფესტივალი, არამედ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ისტორიულ ძეგლები, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობა, რათა მაქსიმალურად წარმოჩინდეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი.

„ბალ-მასკარადი“ ვერდის ერთადერთი ოპერაა, რომლის მოქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. ვერდის ოპერის სიუჟეტი დაიწერა ფრანგი დრამატურგის ეჟენ სკრიბის პიესის მიხედვით.

თბილისის ოპერის თეატრში „ბალ-მასკარადი“ პირველად 1862 წლის 8 თებერვალს იტალიური დასის ანტრეპრენიორ ანტონიო ტორაძელის ხელმძღვანელობით დაიდგა. მას შემდგომ ეს ოპერა მუდმივად იყო თეატრის რეპერტუარში. „ბალ-მასკარადის“ ბოლო დადგმა მიხეილ თუმანიშვილს ეკუთვნის (დამდგმელი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, დამდგმელი მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი), რომელიც 1988 წლიდან 2010 წლამდე დიდი წარმატებით სრულდებოდა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე.

2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის სამწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარს უჭერს იტალიის სენატი და მთავრობა. ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის – „საქართველო ევროპა“ ფარგლებში ტარდება.