მიუხედავად ალექს ფერგიუსონზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენისა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ აპირებს თავისუფალ აგენტ ჯუზეპე როსისთან კონტრაქტის გაფორმებას. ამ განცხადებას გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აკეთებს.
როგორც ირკვევა, იტალიის ნაკრების ფეხბურთელი „ჯენოადან“ წამოვიდა და ახალ კლუბს ეძებს, ყოფილმა თანაგუნდელმა სოლსკიაერმა კი მას საშუალება მისცა, ფორმის შესანარჩუნებლად, „იუნაიტედთან“ ერთად ივარჯიშოს.
31 წლის როსის ვარჯიშს სერ ალექს ფერგიუსონი დაესწრო და, როგორც ამბობენ, იტალიელით მოხიბლული დარჩა.
შეგახსენებთ, რომ თავისი პროფესიული კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულმა როსიმ სწორედ მანჩესტერში დაიწყო და „წითელი ეშმაკების“ რიგებში 2004-2007 წლებში ირიცხებოდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.