ჯულიო მირანდა კალია - ნატო-მ უნდა გააგრძელოს რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა
ჯულიო მირანდა კალია - ნატო-მ უნდა გააგრძელოს რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა

ნატო-მ უნდა გააგრძელოს რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ აღმოსავლეთით თავისი პარტნიორების მხარდაჭერა, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინას დაეხმაროს რეფორმების პროცესში, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკური კომიტეტის მომხსენებელმა, ჯულიო მირანდა კალიამ განაცხადა. მისი რეზოლუცია, რომლის სახელწოდებაა „ერთიანობის გზით მშვიდობისა და უსაფრთხოების 70 წლის აღნიშვნა“, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს დაამტკიცა.

ჯულიო მირანდა კალიას თქმით, ნატო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია.

„70 წელია ნატო ევროატლანტიკურ სივრცეში აძლიერებს უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას. თუმცა დღეს უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება სულ უფრო მეტად მყიფე ხდება, რაც ნიშნავს, რომ ნატო-მ უფრო მეტად უნდა გამოავლინოს ცვალებადი გარემოებებისადმი ადაპტაციის უნარი. რეზოლუციაში საუბარია რუსეთის აგრესიულ პოზიციაზე, ასევე სამხრეთ ფლანგზე შექმნილ არასტაბილურ სიტუაციაზე. ორივე წარმოადგენს გამოწვევას ნატო-ს მოკავშირეებისა და მისი პარტნიორების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისადმი. ამიტომ რეზოლუცია მოიცავს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფციის განახლების მოწოდებას. ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა იყოს ფოკუსირებული ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებზე, პასუხობდეს რუსეთის მხრიდან შექმნილ გამოწვევებს და ჩინეთის მზარდ გავლენას. ასევე, რა თქმა უნდა, ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ ფლანგზე შექმნილ სიტუაციაზე. საფრთხეები, როგორიცაა ნაციონალიზმი და პოლარიზებული საზოგადოება, ძირს უთხრიან ალიანსს შიგნიდან.

მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ალიანსის ერთიანობა საერთო დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების გარშემო. რეზოლუცია ასევე აღიარებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში პარტნიორების მნიშვნელოვან კონტრიბუციას. რეზოლუცია გამოდის ევროკავშირთან პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარების ინიციატივით. ნატო-მ უნდა გააგრძელოს რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ აღმოსავლეთით თავისი პარტნიორების მხარდაჭერა, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინას დაეხმაროს რეფორმების პროცესში“, – განაცხადა ჯულიო მირანდა კალიამ.