ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო მოსმენა სექტემბრისთვის გადაიდო
ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო მოსმენა სექტემბრისთვის გადაიდო

„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის საქმის მოსმენა, აშშ-ში ექსტრადიციის თაობაზე, სექტემბრისთვის გადაიდო. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ლონდონის სასამართლოს ინფორმაციით, ჯულიან ასანჟის საქმის მოსმენა, რომელიც მაისის ბოლოსთვის იყო ჩანიშნული, პანდემიის გამო გადაიდო. სასამართლოს სპიკერის ინფორმაციით, მოსმენის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

ასანჟის ექსტრადირების საქმე თებერვალში დაიწყო, თუმცა პროცესი ჯერ 18 მაისამდე, ახლა კი სექტემბრამდე გადაიდო. მოსამართლე ვანესა ბარათსერი აცხადებს, რომ მოსმენის ჩატარება მკაცრი შემზღუდველი ზომების გამო ახლა შეუძლებელია.

აშშ-ში ასანჟს 18 მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. მათ შორის არის სამთავრობო კომპიუტერულ ქსელში უკანონო შეღწევა და ჯაშუშობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასანჟი ციხეში ათეულობით წელს გაატარებს.

„ვიკილიქსმა“ 2010 წელს გამოაქვეყნა აშშ-ის მიერ გასაიდუმლოებული ვიდეო, რომელშიც 2007 წელს ბაღდადში განხორციელებული ავიაიერიშია ასახული. ამერიკელი სამხედროების მიერ ვერტმფრენით განხორციელებული შეტევის შედეგად მაშინ ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სააგენტო „როიტერის“ ორი ჟურნალისტი დაიღუპა.

სკანდალურად ცნობილ ვებგვერდზე აშშ-ის მთავრობის არაერთი სხვა საიდუმლო დოკუმენტიც გამოქვეყნდა.

ავსტრალიელი ჰაკერი 2019 წელს ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოდან გააძევეს, რომელსაც ის 2012 წლიდან აფარებდა თავს. ამის შემდეგ ის სამართალდამცავებმა დააკავეს.