ჯუანშერ ბურჭულაძემ თელავში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ჯუანშერ ბურჭულაძემ თელავში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.

თავდაცვის მინისტრი თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულდა ლაზარეთი, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, ასევე დასრულდა ერთი ყაზარმის რემონტი, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და აღიჭურვა ახალი ინვენტარით.

ამჟამად, ბაზაზე მიმდინარეობს მეორე ყაზარმის სველი წერტილების კაპიტალური რემონტი და შენდება ახალი სასწავლო შენობა-ნაგებობა. მიმდინარე წელს ბაზაზე მოეწყობა შიდა გზები და დამონტაჟდება გარე განათება.

ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტის შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება.