ჯუანშერ ბურჭულაძე - რადიკალური პოზიცია, რომ ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე აეროპორტის აშენება არ შეიძლება, არ არსებობს
ჯუანშერ ბურჭულაძე - რადიკალური პოზიცია, რომ ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე აეროპორტის აშენება არ შეიძლება, არ არსებობს

რადიკალური პოზიცია, რომ აქ არ შეიძლება აეროპორტი აშენდეს, არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

„კომიტეტის ფარგლებში დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ვაზიანის აეროპორტის შესაძლო განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ რადიკალური პოზიცია, რომ აქ არ შეიძლება, აეროპორტი აშენდეს, არ არსებობს. პარლამენტის წევრებმა თავდაცვის ძალების პოზიცია მოისმინეს. პირიქით, შეიძლება, იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა, მდებარეობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევების განხორციელების შემდეგ იქნება მიღებული, რომელსაც შესაბამისი სფეროს პროფესიონალი ექსპერტები განახორციელებენ.

„ექსპერტების დაქირავება იქნება, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულება და უფლებამოსილება. როგორც ვიცი, 2024 წელს იგეგმება შეფასება, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, გარემოზე ზემოქმედების, ინფრასტრუქტურის, ასევე რა სახის ბენეფიტი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება, მოახდინოს ქალაქის ურბანულ განვითარებაზე და ა.შ.“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, რაიმე არსებითი შემაფერხებელი პოტენციური გარემოება არ არსებობს.