ჯუანშერ ბურჭულაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს - თქვენ ჩემს რეპუტაციას კი არ ლახავთ, ლახავთ ქართული ჯარის რეპუტაციას, თქვენი ფუნქციაა, გააღვიღოთ შუღლი, გასცეთ საიდუმლო ინფორმაცია
ჯუანშერ ბურჭულაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს - თქვენ ჩემს რეპუტაციას კი არ ლახავთ, ლახავთ ქართული ჯარის რეპუტაციას, თქვენი ფუნქციაა, გააღვიღოთ შუღლი, გასცეთ საიდუმლო ინფორმაცია

თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უპასუხა კითხვაზე, როდის შეიძინა ქონება ქობულეთში და რა სახსრებით.

„1955 წელს ააშენა ჩემი ბაბუის მამამ სახლი და იყო ერთ-ერთი საუკეთესო სახლი საქართველოში. თქვენ გეშლებით თქვენს მინისტრებში, რომლებიც ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები. მე ეს არ ვარ. წყნეთში ქონება შევიძინე თქვენი ხელისუფლების დროს. 2010 წელს, როდესაც საერთოდ შეხება არ მქონდა ჩინოვნიკობასთან. ეს არის თქვენი ობიექტურობა.

მე ვარ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან. დამალვა რომ მდომოდა, დედაჩემზე კი არ გაფორმდებოდა, გავაფორმებდი სხვაზე. კიდევ ვიმეორებ, მე გერევით თქვენს მინისტრებში, მოვიდნენ ღატაკები, წავიდნენ მილიარდერები. მე პირადად ვიკავებდი საკმაოდ მაღალ პოზიციებს ბანკებში. მას შემდეგ, რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემს სახელზე ვიყიდე ართანაში მიწა.

თქვენ ახდენთ ჩემი რეპუტაციის შელახვას კი არა, თქვენ ლახავთ ქართული ჯარის რეპუტაციას, აღვივებთ შუღლს. თქვენი ფუნქციაა, გააღვიღოთ შუღლი, გასცეთ საიდუმლო ინფორმაცია. ერეკლე მეორის დროს თქვენს ფუნქციას ვინც ასრულებდა, ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორეს არ ჰყავს მეზარბაზნეები. თქვენი მისია არის ქართული სახელმწიფოს და ქართული ჯარის დისკრედიტაცია“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.