ჯუანშერ ბურჭულაძე - მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები ყოველდღიურად იყვნენ საქმის კურსში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, ჩვენ ამას ძალიან კარგად ვახერხებთ
ჯუანშერ ბურჭულაძე - მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები ყოველდღიურად იყვნენ საქმის კურსში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, ჩვენ ამას ძალიან კარგად ვახერხებთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ნატო-ს ყველა ფორმატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები ყოველდღიურად იყვნენ საქმის კურსში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

ჯუანშერ ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ყველა ამოცანა იქნება გადაჭრილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოწვევა ნატო-ს ყველა ფორმატში გამართულ შეხვედრებზე. ჩვენ უკვე მეოთხედ ვართ ერთი წლის განმავლობაში მოწვეულები ნატოს მინისტერიალზე. დღეს პირველად მე დავესწრები ე.წ. რამშტაინის შეხვედრას, სადაც არის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი. საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ იარაღით ვერ ეხმარება უკრაინას, არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაინც მიიწვიეს აღნიშნულ ფორმატში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ფინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და ვისაუბრეთ ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ ხედავენ სხვადასხვა ქვეყნები რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებს. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ყველა ამოცანა იქნება გადაჭრილი. ხვალაც არის ჩანიშნული მინისტერიალის ფორმატში ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ჩემს გერმანელ კოლეგასთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები ყოველდღიურად იყვნენ საქმის კურსში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ჩვენ ამას ძალიან კარგად ვახერხებთ. ევროატლანტიკური სივრცის წევრობის გზაზე ჩვენი კანდიდატის სტატუსის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაცვის მინისტრებმა ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღგვითქვეს. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ბუნებრივად თუ ხელოვნურად შეექმნა საქართველოს ამ გზაზე, შედეგი გარდაუვალია“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.