ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიის თავდაცვის მინისტრსა და სეიმის სპიკერს შეხვდა
ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიის თავდაცვის მინისტრსა და სეიმის სპიკერს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ესტუმრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ვიზიტი ლატვიელ კოლეგასთან, არტის პაბრიკსთან შეხვედრით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და ძლიერი პარტნიორობა. მან ლატვიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და ნატო-სთან თავსებადობის მიღწევის მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე, საერთაშორისი მისიებში საქართველოს წვლილზე, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

„ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ლატვიის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ასევე შეხვედრა გამართეს ლატვიის საკანონმდებლო ორგანოში. თავდაცვის დელეგაციის წევრებს ლატვიის სეიმის სპიკერმა, ინარა მურნიეცემ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ლატვიის მხარეს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება.

„მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა ალიანსთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმს იყენებს. მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ქართულმა მხარემ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) ლატვიის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ კუთხით ნატო-ს მნიშვნელოვანი როლი.

„შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებას, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ქართველი სამხედროების მონაწილეობას ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელთან. ასევე, დაგეგმილია სტუმრობა ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში და ლატვიის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე.