ჯუანშერ ბურჭულაძე ხავიერ კოლომინას შეხვდა
ჯუანშერ ბურჭულაძე ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს.

„თავდაცვის მინისტრმა ხავიერ კოლომინას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებისა და ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის კრიტიკული მნიშვნელობა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. თავდაცვის მინისტრთან საუბრისას, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა თავდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი სამთავრობო გუნდის წარმატებულ საქმიანობას წლის განმავლობაში და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.