ჯუანშერ ბურჭულაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა
ჯუანშერ ბურჭულაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა იენს სტოლტენბერგს ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად, საქართველო მტკიცედ განაგრძობს ნატო-სთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმის გამოყენებას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ურთიერთთავსებად ძალად ჩამოყალიბების კუთხით.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მზადყოფნა საერთო უსაფრთხოების მიზნების მიმართ. მან იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაბამისად აისახება ნატო-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკურ პროგრესზე.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა და ქართულ მხარეს ნატო-ს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

დატოვე კომენტარი