ჯუანშერ ბურჭულაძე - გაგრძელდება მოქმედება „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“
ჯუანშერ ბურჭულაძე - გაგრძელდება მოქმედება „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“

საპარლამენტო კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ნატო-სთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობაზე.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-სთან დაახლოება შეუქცევადი პროცესია, რომელიც ერთგული საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდება; 2020 წელს დამტკიცებული განახლებული არსებითი პაკეტის ვალდებულებების შესრულება კი, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს.

„გაგრძელდება მოქმედება „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“. ამ მიზნით, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან აღსრულებას გავაგრძელებთ. განახლების პროცესის შედეგად, ორი ინიციატივის, ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დასრულება და სამი ახალი ინიციატივის დამატება მოხდა. ჩამოვაყალიბეთ ახალი სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი, რომელიც ნატო-ს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს““, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წინაშე საერთაშორისო სამხედრო სწავლებების ჩატარებისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი სამხედროების ჩართულობის როლზეც ისაუბრა. როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლის თანახმად, სამხედრო დანახარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს შეადგენს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების მხარდაჭერით, ეს პოლიტიკა აუცილებლად აღსრულდება.