ჯუანშერ ბურჭულაძე - ძლიერი და კარგად უზრუნველყოფილი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება რთული იქნება, თუ სათანადო ყურადღება არ მიექცევა ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას
ჯუანშერ ბურჭულაძე - ძლიერი და კარგად უზრუნველყოფილი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება რთული იქნება, თუ სათანადო ყურადღება არ მიექცევა ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას

ძლიერი და კარგად უზრუნველყოფილი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება რთული იქნება თუ სათანადო ყურადღება არ მიექცევა ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენისას განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ადგილობრივად წარმოებული სამხედრო ინდუსტრიის ხარჯზე თავი საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდროს.

„პირველად ქართული ჯარის ისტორიაში, 2020 წელს თავდაცვის ძალებმა მიიღო საქართველოში წარმოებული 40-მდე სამხედრო მანქანა. ეს პროცესი აუცილებლად გაძლიერდება და გვექნება თვალსაჩინო შედეგები, მათ შორის, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების თვალსაზრისითაც. ასევე, მინდა, ავღნიშნო ის ნაბიჯები, რაც საქართველოში ვაზნების წარმოების მიმართულებით გადაიდგა და გპირდებით, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე წარმატებით მივიყვანოთ“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მისი განცხადებით, „დელტაში“ აქტიურად მიმდინარეობს ნატოს სტანდარტის ნაღმმტყორცნების წარმოებაზე მუშაობა, რაც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ჯარის თავდაცვის შესაძლებლობებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ „დელტას“ ბაზაზე სამინისტროს მიერ დაფუძნებული კომპანია „დელტა ტექსტილის“ შესახებაც ისაუბრა, რომელიც პანდემიის თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი, უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების უწყვეტ მომარაგებას შესაბამისი უნიფორმით და ტექსტილის სხვა ნაწარმით.