ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი გმირების ხსოვნა არის ის ღირებულება, რომელსაც მთელი საზოგადოება უწყვეტად უნდა აფასებდეს
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი გმირების ხსოვნა არის ის ღირებულება, რომელსაც მთელი საზოგადოება უწყვეტად უნდა აფასებდეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, გმირების ხსოვნა ის ღირებულებაა, რომლის ირგვლივაც საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს.

„ჩვენი გმირების ხსოვნა არის ის ღირებულება, სადაც მთელი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ეს არის ის მოტივაცია, რომელიც შეიძლება, სამხედრო სულისკვეთების, სამხედრო მოსამსახურეების და სხვა პატრიოტული სულისკვეთების მოტივატორი გახდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი გმირების ხსოვნა არის ის ღირებულება, რომელსაც მთელი საზოგადოება უწყვეტად უნდა აფასებდეს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მუხათგვერდში მდებარე ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებიც. ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდიდან ვარკეთილში, დაღუპული გმირების სახელზე აშენებულ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას მიაგო პატივი.