ჯუანშერ ბურჭულაძე - ავიაციას დაუბრუნდნენ სპეციალისტები, რომლებიც ათეული წლები იყვნენ საზღვარგარეთ, ნუ დახატავთ, თითქოს გადინებაა
ჯუანშერ ბურჭულაძე - ავიაციას დაუბრუნდნენ სპეციალისტები, რომლებიც ათეული წლები იყვნენ საზღვარგარეთ, ნუ დახატავთ, თითქოს გადინებაა

ავიაციას შემოუერთდნენ და დაუბრუნდნენ ისეთი სპეციალისტები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში იყვნენ საზღვარგარეთ, ნუ დახატავთ ისე, თითქოს გადინებაა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მაქსიმალურად ზრუნავენ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და ეს პროცესი შეუქცევადია.

„ავიაციას შემოუერთდნენ და დაუბრუნდნენ ისეთი სპეციალისტები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში იყვნენ საზღვარგარეთ. ჩვენ ჩავრთეთ ყველა ამ პროცესში. ამასაც ნუ დახატავთ ისე, თითქოს გადინებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და ეს პროცესიც არის შეუქცევადი და განგრძობითი. კი არ წავიდნენ, მოვიდნენ-მეთქი, გეუბნებით და მეკითხებით, რატომ წავიდნენო. ავიაციაში დაბრუნდნენ სამხედრო მოსამსახურეები და თქვენ კითხვის პასუხად მიბრუნებთ, რატომ წავიდნენო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ამავდროულად, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეები მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმლით არიან აღჭურვილი.

„სამხედრო მოსამსახურეს 2019 წლამდე არ ჰქონია არც ერთი მაღალი ხარისხის ბათინკი, უფრო სწორად, ყველაზე მაღალი ხარისხის ბათინკი. დღეს თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს აქვს სამი მაღალი ხარისხის ბათინკი. თუ დააკვირდებით, სადაც ყველაზე მაღალი შედეგი გვაქვს, სამწუხაროდ, ზუსტად იმის დისკრედიტაციას ცდილობენ ეს ტელეარხები. სადაც წარმატება გვაქვს, იქ ცდილობენ დისკრედიტაციას და ამ პროცესების დაზიანებას. როგორ შეიძლება, ბათინკის შემთხვევაზე იყოს ნეგატივი, იყოს კვებასთან დაკავშირებული ნეგატივები, როდესაც ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შედეგს, რომლის წარმოდგენაც რთული იყო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.